რა არის ASCUS – მადონა ჯუღელის რჩევები

6th February 2018

რა არის ASCUS?

ASCUS (Atypical Squamous Cells of Undetermined Significance – ატიპური ბრტყელი უჯრედები უცნობი მნიშვნელობის ატიპიით). მოსაზღვრე ცვლილებები ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩენილია ძალზე სუსტი პათოლოგიური ცვლილებების მქონე უჯრედები. მოსაზღვრე ცვლილებები უმეტესად სპონტანურ უკუგანვითარებას განიცდის, შედარებით იშვიათად კი პროგრესს. ამ შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა მკურნალობა დასჭირდეს.

თუ განმეორებით ნაცხში კვლავ აღინიშნა ASCUS ან უფრო მაღალი ხარისხის დაზიანება, მაშინ მიზანშეწონილია კოლპოსკოპიური კვლევა. პაციენტებს აღარ უტარდებათ განმეორებითი გამოკვლევა, თუ ზედიზედ 2 ციტოლოგიური ნაცხი ნეგატიურია დაზიანებაზე.

ამ მიდგომის უარყოფით მხარედ ითვლება:

  1. საჭიროებს პაციენტის სურვილს განმეორებით კვლევებზე.
  2. CIN2, 3 დიაგნოზი შეიძლება დაგვიანებით დაისვას.
  3. საჭიროა განმეორებითი ვიზიტები.

კოლპოსკოპია

მეთოდის დადებითი მხარეებია:

  1. მნიშვნელოვანი დაზიანების არსებობა ან არარსებობა შეიძლება გამოვლინდეს დაუყოვნებლივ.
  2. გვეხმარება დაზიანების კერის ლოკალიზაციის დადგენაში.
  3. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბიოფსიის ადგილის შერჩევა.

მეთოდის უარყოფითი მხარეებია:

  1. კოლპოსკოპია ძვირი პროცედურაა.
  2. საჭიროებს გამოცდილებას (ექსპერტ-კოლპოსკოპისტი).
  3. პროცედურის დროს ზოგ პაციენტს შეიძლება შეექმნას გარკვეული დისკომფორტი.

თუ ქალს, რომელსაც ციტოლოგიურად დადგენილი აქვს ASCUS, კოლპოსკოპიური კვლევით CIN-ის რაiმე ნიშანი არ გამოუვლინდება, მაშინ განმეორებითი ციტოლოგიური კვლევა შეიძლება ჩატარდეს 12 თვის შემდეგ. თუ კოლპოსკოპიაზე დადასტურდა CIN არსებობა, ნაჩვენებია ბიოფსია. დადასტურებული CIN მართვა დამოკიდებულია ჰისტოლოგიურად დაdგენილ ხარისხზე

ASCUS მქონე ქალების ქირურგიული მკურნალობა არ შეიძლება, თუ არ არის CIN ბიოფსიურად დადასტურებული დიაგნოზი.

რას ნიშნავს LSIL და HSIL შედეგი

LSIL (Low Grade Sqaumous Intraepithelial Lesion – დაბალი ხარისხის ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანება). ეს იმას ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩენილ უჯრედებს მსუბუქი პათოლოგიური ცვლილებები ახასიათებს. LSIL, ჩვეულებრივ, სპონტანურ უკუგანვითარებას განიცდის, თუმცა არის შემთხვევები, როცა სპონტანური უკუგანვითარება არ ხდება ან დაზიანება პროგრესირებს და მკურნალობას მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც ტარდება ან განმეორებითი ნაცხი 6 თვეში (რათა შემოწმდეს პათოლოგიური უჯრედები ნაცხში, კერძოდ, მოხდა მათი უკუგანვითარება, დარჩა უცვლელი თუ განიცადა პროგრესი. თუ განმეორებითი ნაცხი ნორმალურია, ქალს იბარებენ ორ ან მეტ განმეორებით ნაცხზე 6 ან 12 თვის შემდეგ. თუ პათოლოგია არც ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა, ქალს აბრუნებენ რუტინულ სკრინინგში; თუ რომელიმე განმეორებით ნაცხში ისევ აღმოჩნდა LSIL ან უფრო მძიმე ხარისხის დაზიანება, ტარდება კოლპოსკოპია. პათოლოგიის კოლპოსკოპიურად აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი პათოლოგიური უბნიდან აიღებს ქსოვილის მცირე ფრაგმენტს (ბიოფსია), რომელიც იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპიული გამოკვლევისთვის. ეს მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრისთვის.

HSIL (High Grade Sqaumous Intraepithelial Lesion – მაღალი ხარისხის ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანება). HSIL ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩნდა პათოლოგიური უჯრედები, რომლებიც მაღალი ხარისხის დაზიანების შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. ეს ჯერ კიდევ არ არის კიბო, თუმცა ჩაურევლად პროცესის უკუგანვითარება ნაკლებ სავარაუდოა. ჩვეულებრივ, საჭიროა მკურნალობა. ამიტომ ყველა ქალი ასეთი შედეგით იგზავნება კოლპოსკოპიაზე საშვილოსნოს ყელის უფრო დეტალური გამოკვლევის მიზნით. კოლპოსკოპიურად პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ბიოფსია და ქსოვილი იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპული გამოკვლევისთვის, რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდგომი სტრატეგიის განსასაზღვრად.