სქესობრივი ცხოვრება და ჰიგიენა – რჩევები ქალბატონებისათვის

22nd March 2018

„ჩემთან ხშირად მოდიან ქალბატონები, რომლებიც მეუბნებიან, მაქვს სოკო და ვმკურნალობო. სოკო ქალის საშოს ფლორის წარმომადგენელია, თუმცა ის არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით, როდის ჩნდება დიდი რაოდენობით? როდესაც არასწორად ვიკვებებით ( მაგ. ტკბილეული დიდი რაოდენობით ), ვსვამთ ანტიბიოტიკებს, ვიტარებთ გაურკვეველ გამორეცხვებს. ჩვენი მიკროფლორა „ზოოპარკია“, სადაც ლომიც არის და ვეფხვიც, და არ შეიძლება, რომ ეს გარემო სტერილური იყოს და ქრონიკულად ანტიბიოტიკოთერაპია და გამორეცხვები ვიტაროთ. ჩვენთან მოდაშია ხშირი მკურნალობა. სულ ვამბობ, რომ გამონადენი ლორწოს სახით მცირე რაოდენობით დასაშვებია, მენსტრუალური ციკლის შესაბამისად ცოტა და მეტად გამოხატული, ამიტომ ძალიან ნუ შეშინდებიან“, – მადონა ჯუღელი.

 

– რამდენ ხანში ერთხელ უნდა ეწვიოს ქალბატონი გინეკოლოგს

 

ქალბატონები ექვს თვეში ერთხელ უნდა მიდიოდნენ პირად გინეკოლოგთან და იმოწმებდნენ მდგომარეობას. გასინჯვაში შედის პაპტესტი, მცირე მენჯის ულტრაბგერითი კვლევა და ექიმთან კონსულტაცია. მაგალითად, გერმანიაში წელიწადში 2-ჯერ არის განსაზღვრული. ზოგან კეთდება სამ წელიწადში ერთხელ, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან ასეთ დროს, ძალიან ხშირ შემთხვევაში, პაციენტი განწირულია იმ პათოლოგიისთვის, რასაც საშვილოსნოს ყელის კიბო ჰქვია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სკრინინგულად ჩატარებული პაპტესტი ვერ მოგვცემს სრულ ინფორმაციას თქვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომაც ბოლომდე გამოკვლევად ვერ ჩავთვლით. პაპტესტის გარდა, ექიმმა უნდა შეაფასოს ინფექციის სტატუსი, ჩატარდეს ექსპერტ-კოლპოსკოპია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა და ჰორმონ -მეტაბოლური სტატუსი. წელიწადში ერთხელ ქალბატონმა უნდა გამოიკვლიოს სარძევე ჯირკვალი. ამასთანავე, ყურადღებას გავამახვილებ პირადი ჰიგიენის მნიშვნელობაზე, თუკი ქალმა არ იცის, გინეკოლოგმა აუცილებლად უნდა აუხსნას.

 

 

როგორ უნდა მოუაროს ქალმა თავს?

 

ხშირად მეკითხებიან, რომელი საპონი უნდა იხმარონ. გადამწყვეტია, რა მჟავიანობაა საშოში, რომელ ასაკშია პაციენტი და ა.შ. არსებობს ინტიმგელები, გინდათ? შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იხმაროთ სარეცხი საპონი. ჩვენი ბაგეები წარმოადგენს იმ ნიშას, სადაც არსებული მიკროფლორა გახლავთ ბარიერი ინფექციებისთვის, ეს ბარიერი არ უნდა გამოშრეს და უნდა ჰქონდეს თავისი ტენიანობა. მისი დაცვა შესაძლებელია ინტიმგელებით ან საპნებით, რომლებიც ქიმიურად ძალიან დამძიმებული არ იქნება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ დილას, ქალბატონი რომ ადგება, უნდა დაიბანოს, ასევე ძილის წინ და კუჭში გასვლის შემდეგაც, თუკი ამის საშუალება იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა დაიბანოს ზევიდან ქვემოთ. ამაზე ყველა პაციენტს ველაპარაკები. სწორ ნაწლავში არის ისეთი ბაქტერიები, რაც საშოში არ არის და იქ არ უნდა მოხვდეს. ხშირად, როცა ჰიგიენა ირღვევა, საშოს ფლორა ბინძურდება.

ჩემს პაციენტებს ასევე ვურჩევ, როგორ ასწავლონ შვილებს თავის მოვლა, სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ. დღეს ხშირად გვხვდება დეფლორაციული ცისტიტი. სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან ხშირად ვლინდება ცისტიტი, ანთება, მერე მძიმდება საშარდე გზების აღმავალი ინფექციით. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ არც ერთი პარტნიორი, არც ქალი, არც მამაკაცი არ იცავს ჰიგიენას. ყოველ სქესობრივი კონტაქტამდე და შემდეგ აუცილებელია დაბანა.

დღეს ხშირად საუბრობენ პაპილომავირუსზე, რომელიც უმეტესად სქესობრივი გზით გადაეცემა. გოგონებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია ამ ვირუსის წინააღმდეგ 13 წლის ასაკიდან 25 წლამდე (სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ).

რადგანაც ვირუსის გადამტანი მამაკაცია, ევროპაში დაიწყო ვაქცინაცია პაპილომავირუსის წინააღმდეგ ბიჭებშიც, ორმაგი კონტროლისთვის, რადგან პაპილომავირუსი მიიჩნევა საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზად. საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი დიაგნოზი დროულად დაისვა და პაციენტს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა.