მადონა ჯუღელის რჩევები – რატომ კოლპოსკოპია

6th July 2018

საშვილოსნოს ყელის დროული და ხშირი დიაგნოსტიკა ქალების ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. დღევანდელ რეალობაში, სტრესული გარემოს ფონზე, მნიშვნელოვანია ქალები მუდმივად აკონტროლებდნენ პირად ჯანმრთელობას და ამით, ჯანსაღ მომავალს იქმნიდნენ.

პაციენტებმა ხშირად არ იციან, რა მეთოდს მიმართონ და როგორ დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მათ თავადვე ჰქონდეთ ინფორმაცია პროცედურების შესახებ და ისე გააკეთონ სწორი არჩევანი – რომელ ექიმს მიმართონ და რა პროცედურა ჩაიტარონ.

​ამჯერად ჩვენ შევეხებით კოლპოსკოპიას, რომელიც საშვილოსნოს ყელის სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა.

საშვილოსნოს ყელის სრულფასოვანი კვლევისთვის საჭიროა ყელის ლორწოვანის ნაცხის ციტოლოგიური კვლევა, ანუ პაპ-ტესტი, და ყელის მიკროსკოპიული დათვალიერება – კოლპოსკოპია და მაღალი რისკის პაპილომავირუსის ტიპირების ტესტიც. კვლევის ამ მეთოდებით ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა მდგომარეობის ადრეული აღმოჩენა, ხოლო გამოვლენილი პათოლოგიის სწორი მართვა და დროული მკურნალობა თითქმის ყველა შემთხვევაში აგვაცილებს თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას.

რა არის კოლპოსკოპია?

კოლპოსკოპია არის საშოსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ბინოკულარული მიკროსკოპით. კოლპოსკოპი არის ენდოსკოპიური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება საშოსა და საშვილოსნის ყელის ეპითელიუმის in vivo კვლევებისთვის შესაბამისი გადიდებისა და განათების პირობებში.

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიით დაავადებულთა დიაგნოსტიკაში კოლპოსკოპია ერთ-ერთ წამყვან გამოკვლევის მეთოდს წარმოადგენს. თავის მხრივ, კოლპოსკოპი წარმოადგენს ბინოკულარულ გამადიდებელ ოპტიკურ სისტემას – მიკროსკოპს, რომელსაც სპეციალური სინათლის წყარო გააჩნია. კოლპოსკოპიის მიზანია: – შეფასდეს ვულვის, საშოსა და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა – გამოავლინოს დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია, რაც აუცილებელია შემდგომი მკურნალობის მეთოდის შესარჩევად.

კოლპოსკოპიურ კვლევის დროს საჭიროებისამებრ აგრეთვე ტარდება დამიზნებითი ბიოფსიაც შემდეგომი მორფოლოგიური კვლევით, რაც დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება.

თავის მხრივ კოლპოსკოპიური კვლევა მარტივი მეთოდია, კვლევა გრძერლდება დაახლოებით 5–10 წთ, ამ დროს ქალი თავსდება სავარძელზე, იდგმება შესაბამისი ზომის სარკე, სპეციალლური ხსნარების დახმარებით ხდება მიკროკსოპული დათვალიერება, რაც არ არის მტკივნეული, გამოკვლევის დროს ქალების უმრავლესობა მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს გრძნობს.

კოლპოსკოპიის წინ სასურველია სქესობრივი კავშირისგან 2 დღიანი თავშეკავება და არ შეიძლება პროცედურის წინ ვაგინალური სანთლების ხმარება, ტარდება მენსტრუალური ციკლის დამთავრებიდან ნებისმიერ დღეს.

როდის უნდა ჩაიტაროს ეს გამოკვლევები ქალმა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პაპ-ტესტი და კოლპოსკოპიური კვლევა უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა სქესობრივი კავშირის დაწყებიდან 6 თვეში, შემდეგ კი- ყოველწლიურად, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჩივილები. მაღალი რისკის პაპილომა ვირუსი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთადერთ გამომწვევს, ჩივილები სამწუხაროდ ვლინდება მხოლოდ კიბოს გვიან სტადიებზე, როცა უკვე მკურნალობაც და ოპერაციული ჩარევაც დაგვიანებულია ან შეუძლებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლინება, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე ეფექტურია და წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას.

კოლპოსკოპია DYSIS აპარატით

კოლპოსკოპია Dysis (სპეციალური გამოსახულებითი კოლპოსკოპია) – ეს არის დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება და მისი სკრინინგის საშუალებით პათოლოგიების აღმოჩენა. კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ეს პროცედურა ტარდება Zeiss-ის ფირმის უახლესი აპარატით, რომელიც მაღალი სიზუსტის გამო, სასამართლო ექსპერტიზაშიც გამოიყენება.

კოლპოსკოპიის აპარატს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, საშვილოსნოს ყელის ძმარმჟავით დამუშავების შემდეგ, ავტომატურად აღმოაჩინოს დაზიანებული უბანი. ეს საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს დაზიანებული კერის ინტერპრეტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს დამიზნებითი ბიოფსია.