რა ასაკია საუკეთესო ქალისთვის სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად და შვილის გასაჩენად – მადონა ჯუღელის რეკომენდაციები

20th October 2018

რა ასაკიდან იწყება მზადება სქესობრივი ცხოვრებისთვის. რა რისკის ქვეშ აყენებს ქალბატონის ჯანმრთელობას გვიან დაწყებული სქესობრივი ცხოვრება. რის მიხედვით განისაზღვრება საუკეთესო ასაკი ორსულობისთვის. რატომ არის საგანგაშო ჭარბი წონა ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობისთვის და რა პროდუქტებზე უნდა ვთქვათ სამუდამოდ უარი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტმა, მადონა ჯუღელმა ისაუბრა. ქალბატონი მადონა დღეს სამედიცინო კორპორაციის „ევექსი“ ქსელში საშვილოსნოს ყელის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის მიმართულების უფროსია.

ქალბატონო მადონა, რა ასაკიდან იწყება მზადება სქესობრივი ცხოვრებისთვის და რას გულისხმობს ეს?

ეს თემა ძალიან სენსიტიურია და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ განათლებაზე, ვგულისხმობთ რომ სქესობრივი განათლება და რეპროდუქციული ჯანმრთელობის  სწავლება უნდა იყოს  სკოლებში, უნივერსიტეტებში. ქალი უნდა იყოს მომზადებული ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, არა მხოლოდ ანატომიური და ბიოლოგიური სტრუქტურებით,  ის ყველანაირად უნდა იყოს მზად სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად. რაც შეეხება ადრეულ სქესობრივ ცხოვრებას, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მასშტაბებზე, ეს თემა შორს წაგვიყვანს, არ მინდა ამ თემას ჩავუღრმავდე, რადგან არსებობს დადებითი და უარყოფით მხარეები ამ მიმართულებით.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენს მოზარდებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რა არის სქესობრივი აღზრდა, რას გულისხმობს ურთიერთკავშირები, როგორ უნდა დაიცვან თავი საშიში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ძალადობისგან და ა.შ

მათ უნდა იცოდნენ, რა ასაკში უნდა დაიწყონ სქესობრივი ურთიერთობები, რომ სრულად იყოს გამართლებული, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურადაც.  მე არ ვქადაგებ, რომ აუცილებლად ქორწინების შემდეგ უნდა დავიწყოთ სქესობრივი ცხოვრება – უბრალოდ ნაადრევი სქესობრივი ცხოვრება ზიანის მომტანია, როგორც გოგონასთვის, ასევე ბიჭისთვის. ამ პერიოდში დაწყებულმა სქესობრივმა აქტმა შესაძლებელია საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური და ჰორმონული დისფუნქცია გამოიწვიოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ  საშო/საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმზე, მიკროფლორაზე, რაც წარმოადგენს ბარიერული სისტემას, იცავს და ებრძვის ინფექციას მობილიზირებული იმუნური პასუხით  –  ეს ჯერ ჩამოყალიბებულიც  არ არის 13-14 წლის ან თუნდაც 16 წლის გოგონებთან. თუ ამ დროს იწყება სქესობრივი ცხოვრება, უკვე 24-25 წლის ასაკში საქმე გვაქვს კიბოს წინარე დაავადებებთან, სტრესის ფონზეც განვითარებულ ჰორმონულ დარღვევებთან.

როგორც რეპროდუქტოლოგმა უნდა ვახსენო უშვილო წყვილები, მათი რაოდენობა ბოლო წლებში სტატისტიკური მონაცემებით მკვეთრად გაიზარდა. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მაგ. გონორეა, ქლამიდია  იწვევს მცირე მენჯის ანთებით დაავადებას და შემდგომ კი პათოლოგიებს, როგორიცაა ტუბოპერიტონეალური უშვილობა, ქრონიკული მენჯის ტკივილი….

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ აღქმას, ქალი უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუნდაც პარტნიორის არჩევაში. ფსიქოლოგიური, ემოციური და ანატომიური  სტრუქტურების მზაობის ერთობლიობა არის ის ფაქტორი, რომელზეც დაყრდნობით შესაძლებელია სქესობრივი ცხოვრების დაწყება.

გვიანი დაწყებული სქესობრივი ცხოვრების შესახებ მინდა გკითხოთ, რა როლს თამაშობს ეს ქალის რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე?

40 წლის შემდეგ მკვეთრად მცირდება ჩასახვის ალბათობა, რჩება მხოლოდ 17%. ეს არის სტატისტიკა, რომელსაც ხშირად მოვიშველიებ ხოლმე სწორედ მაშინ, როდესაც ქალბატონები გვიან მომმართავენ და გვიან იწყებენ შვილოსნობაზე ფიქრს. თუ გვინდა, რომ გვყავდეს შვილი, ადრე უნდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა.  რაც შეეხება ფსიქოემოციურ ფონს, როდესაც ქალს არ ჰყავს მეუღლე, შვილი და არ აქვს თანმხლები დადებითი ემოციები, ის ხდება გაღიზიანებული, ჩნდება სხვა პრობლემები, სოციალურ გარემოშიც ექმნება პრობლემები და ეს ძალიან შემაწუხებელია. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა ვიფიქროთ ადრეული პერიოდიდან და ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქოლოგიურ-ემოციური სტატუსი, რომლისთვისაც გვჭირდება, რომ გვერდში გვყავდეს საყვარელი მამაკაცი.

სამედიცინო კუთხით, რომელია საუკეთესო ასაკი ორსულობისთვის?

20-25 წელი, სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთვის და შვილოსნობაზე ფიქრისთვის ფანტასტიკური ასაკია. არ ვამბობ, რომ 40 წლის შემდეგ ქალმა ამაზე არ უნდა იფიქროს, უნდა იფიქროს იქამდე, სანამ ქალს შეუძლია რეპროდუქციული პოტენციალის რეალიზება. ოპტიმალური ასაკი, როდესაც ჩვენს საკვერცხეებში გვაქვს ის რეზერვი, რითაც ჩვენს მომავალს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ, არის ახალგაზრდა ასაკი. ქრომოსომული პათოლოგიები, რაც 40 წლის შემდეგ გვხვდება, ბევრად ნაკლებია 40 წლამდე.

რომელია ყველაზე ეფექტური საშუალება უსაფრთხო სქესობრივი კავშირისთვის?

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური პრეზერვატივია. სხვა მეთოდები, თუნდაც სპირალი არ იცავს დაავადების გადადებისგან. თუმცა,  შესაძლოა პრეზერვატივის მთლიანობის დარღვევა, ასეთ დროს ხშირად ვსაუბრობთ ორმაგ დაცვაზე. სპერმიციდი და პრეზერვატივი ერთდროულად, ასეთ დროს უფრო დაცულები ვართ, როგორც დაავადებებისგან, ასევე არასასურველი ორსულობისგან.

სპირალი, უსაფრთხოა თუ არა ის?

სპირალი არის ორნაირი – არაჰორმონული და ჰორმონული. საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივი, რომელიც ქალს სხვადასხვა მექანიზმით არასასურველი ორსულობისაგან იცავს​. ჩვენ აუცილებად უნდა გავაფრთხილოთ პაციენტი ამ მეთოდის არჩევისას, რომ არ უნდა ჰქონდეს არანამკურნალები  კიბოსწინარე პათოლოგია საშვილოსნოს ყელზე, არ უნდა ჰყავდეს მრავალი სქესობრივი პარტნიორი, რადგან ამ დროს რისკი იმისა, რომ განვითარდეს აღმავალი ინფექცია და მწვავე ანთებითი პროცესი ძალიან დიდია. მისი პარტნიორიც განკურნებული უნდა იყოს ყველა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან. ჰორმონული “სპირალი” გამოიყენება სამკურნალო მიზნითაც (ჭარმბი მენზესი , ადენიმიოზი, ჰიპერპლაზიური პროცესის პრევენცია და ა.შ.)

რატომ არის ცუდი ჭარბი წონა ქალის რეპროდუქციულ სისტემისთვის?

მე გავიზარდე იმ სკოლის კედლებში, სადაც მოღვაწეობა ედუარდ ვაინბერგი, თენგიზ ბოლქვაძე, არჩილ ხომასურიძე. ვმუშაობდი ჩემს მასწავლებელთან ბესარიონ ტყეშელაშვილთან, სადაც დიაგნოსტიკა-მკურნალობა იყო და არის მიზეზშედეგობრივი კავშირების აღქმა და შეფასება ენდოკრინულ-გინეკოლოგიური  ხედვით. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ პრობლემას კომპლექსურად ვსწვალობდით და საფუძვლიანად ვიკვლევდით.

როდესაც ქალი იმატებდა წონაში და განსაკუთრებით მუცელზე, ანუ ჰქონდა ვისცერალური გაცხიმოვნება, საკვერცხეების პოლიკისტოზი – ჩვენ ვიკვლევდით რა იყო მიზეზი, რატომ იყო ოვულაცია დათრგუნული, რატომ იყო მენსტრუალური ციკლი დარღვეული, რატომ ჰქონდა ქალბატონს თმიანობა გამოხატული.

​დღევანდელ რეალობაში ამ კითხვებზე პასუხები არსებობს. მაგალითად, თუ გვაქვს ჭარბი წონა, ეს ხშირ შემთხვევაში ინსულინორეზისტენტობასთან, პრედიაბეტურ ფაქტორებთან, მეტაბოლურ დაღვევებთან არის დაკავშირებული.

აქვე დგება პრობლემა, რომელსაც ჰქვია ოვულაციის დარღვევა, როდესაც კვერცხუჯრედი არ მწიფდება და მენსტრუაციაც დარღვეულია. ხშირია ორსულობის პრობლემა, უშვილობა ამავდროულად. ასევე გაცხიმოვნების შემდგომი ეტაპი არის გულსისხლძარღვთა პათოლოგია, სხვა სომატური გართულებები. პოლიფერაციული პროცესები, როგორიცაა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, პოლიპები, ასევე მიომა, ეს ყველაფერი არის მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებული.

ჩნდებოდა კითხვა, იყო თუ არა გაცხიმოვნება პირველადი ამ პრობლემაში, თუ ინსულინორეზისტენტულობა იყო მთავარი. ეს ერთმანეთს თან სდევს, ისევე როგორც ქათამი-კვერცხი ან პირიქით.

ასე რომ ქალბატონებო, ყურადღება მივაქციოთ წონას, ცხოვრების წესს, ფიზიკურ ზომიერ აქტივობას და რა თქმა უნდა, ძილს. კვება უნდა იყოს სამ საათში ერთხელ, სრულფასოვანი, ცილოვან ნახშირწყლოვანი, თუ ჩვენ ამ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ,  თავიდან ავიცილებთ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის უშვილობა, ციკლის დარღვევა, თმიანობა და ა.შ.

რა პროდუქტებზე უნდა თქვას ქალმა უარი სამუდამოდ?

მარტივი ნახშირწყლები, როგორიც არის შაქარი, რაფინირებული თეთრი ფქვილის ნაწარმი. ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ დავივიწყოთ და შოკოლადი ან ნამცხვარი არ ვჭამოთ, სტრესად ვაქციოთ ჩვენი ცხოვრება, არავითარ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრება არის სიყვარული, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში არ უნდა მივიღოთ ცომეული, ტკბილეული.  უმეტესად უნდა მივირთვათ  ბოსტნეული, ცილოვანი საკვები, სეზონური ხილი. უჯრედის დიფერენციაცია, ზრდა არის დაპროგრამირებული უჯრედის სიკვდილით (აპაპტოზი), ეს ბიოლოგიური საათი და კანონზომიერებაა, თუმცა ზემოაღნიშნული პროცესის დარღვევას მივყავართ იმ შედეგებამდე, რასაც რეპროდუქციული და სომატური ჯანმრთელობის ნგრევა ჰქვია!

რაში გვიშლის ხელს ისეთი ენდოკრინოლოგიური პრობლემებისგან, როგორიცაა ფარისებრი და დიაბეტი გინეკოლოგიური თვალსაზრისით?

დიაბეტი უკვე დეკომპენსირებული მეტაბოლური სინდრომია, მაგრამ მანამდე არის წინა პერიოდი მეტაბოლური პარამეტრების დარღვევის ერთობლიობა. მეტაბოლურ სინდრომში მხოლოდ ფარისებრი არ არის ჩართული, ამაში არის ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პარამეტრები, მათ შორის ჰიპერინსულინემია. ძალიან ხშირად ვსაუბრობ კვანძოვანი ჩიყვის პროცესზე, ეს ჰაერიდან არ მოდის ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის შედეგი ჩვენი ყოფის, როდესაც ნივთიერებათა ცვლა მიდის ენერგეტიკულ მინუსში, მაშინ ფარისებრი ჯირკვალი ყოველთვის ცდილობს, რომ დაეხმაროს ნივთიერებათა ცვლას და შედეგად ჩნდება კვანძი. ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი და თუ სადმე ეს ჯაჭვი დაირღვა, ერთვება ისეთი კომპენსატორული მექანიზმი, როგორიც არის ფარისებრის პათოლოგია. ფარისებრი გვეხმარება, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი აღდგეს, მაგრამ ამ მოხმარებაში თვითონ ზიანდება და ამ დაზიანებებს ავტოიმუნური პროცესები სდევს თან.  მკურნალობის შემდეგ, დადებითი შედეგი დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მთლიანობაში ავაწყობთ ამ სისტემას. ეს ხდება ჩვენი, რეპროდუქტოლოგების და პაციენტის დიდი ძალისხმევით. თუ ჩვენ ვებრძვით მხოლოდ ცალმხრივად პრობლემას, ხელოვნურად ვზრდით დოზებს წამლის, ეს სწორი არ არის.

პაციენტი არის ინდივიდი, პერსონალიზირებული მედიცინის რესპოდენტი, პაციენტთან უნდა ვიმუშაოთ კონსილიუმის რეჟიმში. სწორი გზა, მომზადებული სწორი ინფორმაცია და ჩვენი დახმარება, როგორც ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგების, ასევე ცალკე სხვა სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა ჯანმრთელობის და კარგი შედეგების აუცილებელი პირობაა.